პროექტის ფასილიტატორის შეფასება



სასწავლო პროექტი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. 

მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემაში მოსწავლეების სასწავლო პროექტში ჩართვა დამეხმარა. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეებმა შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენეს პრაქტიკაში. პროექტით სწავლებამ აამაღლა მონაწილეთა მოტივაცია და გაზარდა მათი პასუხიმგებლობა. ისინი ხალისით ასრულებდნენ სამუშაოებს, მაშინაც კი, როდესაც მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვდა. 

როდესაც მოსწავლეებს ამ პროექტზე მუშაობა შევთავაზე, ჩემი მიზანი იყო: განვითარებოდათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევები. 

პროექტზე მუშაობის დაწყებამ ნათელყო, რომ ჩემსა და მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დადგა, რომლებიც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან, რადგან პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტგაკვეთილმა მომცა შესაძლებლობა, სრულად წარმომეჩინა ჩემი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენციები როგორც პარტნიორს. ამ პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას ვაძლევდი. ასევე, ვუთითებდი საინფორმაციო წყაროებს. 

სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე; პროექტგაკვეთილის მიზანზე; აქტივობებზე; მუშაობის პირობებზე; სავარაუდო შედეგებზე; შეფასების კრიტერიუმებზე; გადავწყვიტეთ, რომ დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნებოდა: 

· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება; 

· პრეზენტაციის უნარი; 

· მსჯელობა; 

· წერითი სამუშაო. 

შევთანხმდით, მოქმედების ჩარჩოებზე - შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით მოსწავლეებმა გაინაწილეს სამუშაო. საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან. ისინი დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, მსჯელობდნენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ. ეძებდნენ მათი გადაჭრის გზებს; მზად იყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ იყო წინა პლანზე. 

ეს პროექტი დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება. მოსწავლეებმა პროექტგაკვეთილით გაიღრმავეს ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ხელოვნებაში. გამოუმუშავდათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. საპროექტო თემა სცილდება სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყო მოსწავლეთა ინტერესებით. 

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი სამუშაოს. დასახულ მიზანს, ჩემი აზრით, მივაღწიეთ და ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებსაც ბავშვები გაკვეთილზე ივითარებდნენ, პრაკტიკულად გამოიყენეს და განიმტკიცეს. პროექტის დასრულების შემდეგ მათ შეავსეს შეფასებისა და თვითშეფასების სქემები. 



No comments:

Post a Comment